ფუტკარი
ფუტკარი (ლათ. Anthophila) — სიფრიფანაფრთიანების რიგის მწერი ფუტკრების ზეოჯახისა. ენათესავება კრაზანებსა და ჭიანჭველებს. არსებობს ფუტკრების დაახლოებით 21 ათასი სახეობა და 250 გვარი. ანტარქტიდის გარდა ყველგან არის გავრცელებული. აქვს გრძელი ხორთუმი, რომელსაც იყენებს მცენარეებიდან ნექტარის ამოსაწუწნად. დამახასიათებელია ულვაშები, რომელთაგან თითოეული შედგება 12-13 სეგმენტისაგან. აქვს ორი წყვილი ფრთა, უკანა წყვილი ზომით წინაზე პატარაა. ფუტკარი სასარგებლოა როგორც მცენარეთა დამმტვერავი.
მეთაფლია ფუტკარი, შინაური ფუტკარი (ლათ. Apis mellifera) — მწერი ფუტკრის გვარისა, ბინადრობს ოჯახებად. მისი სამშობლოა სამხრეთი აზია, საიდანაც მთელ მსოფლიოში გავრცელდა. მრავლდება ნაყარით. სხვადასხვა ბუნებრივ-ეკოლოგიურ პირობებში ჩამოყალიბდა ფუტკრის სხვადასხვა ჯიში: იტალიური, შუა რუსული, კარპატის, უკრაინული, კავკასიური და სხვა. კავკასიის ფუტკრებში გაერთიანებულია დაბლობის ყვითელი და ქართული ფუტკარი. ამ უკანასკნელმა პოპულარობა მოიპოვა თვინიერებით, პროდუქტიულობითა და ხორთუმის სიგრძით (6-8-7,2 მმ).
ფუტკრის ოჯახი შედგება ერთი დედის, მრავალი ათასი მუშა და რამდენიმე ათასი მამალი ფუტკრისაგან. დედა ფუტკარს აქვს დიდი ტანი (20-25 მმ, მასა 200-250 მგ), მოკლე ხორთუმი, მკვეთრად განვითარებული სასქესო ორგანოები; არ აქვს ცვილის გამომყოფი ჯირკვლები და მტვრის შემგროვებელი აპარატი, დაკარგული აქვს ფიჭის შენების ინსტინქტი. ის ერთადერთი სრულყოფილი დედალია, რომელიც ნაყოფიერდება მამლისაგან და განაყოფიერებელ კვერცხს დებს. კვერცხის რაოდენობა სეზონის აქტიურ პერიოდში დღე-ღამეში 1500-2000 ც აღწევს. დედა ფუტკრის სიცოცხლის ხანგრძლივობა 4-5 წლამდე გრძელდება, თუმცა მისი პროდუქტიული ნაყოფიერება 1-2 წლით განისაზღვრება.
No comments:
Post a Comment